ანასტასია გოტფრიდმა საქართველოს ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოუპოვა
ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღე შედეგიანი გამოდგა საქართველოს ქალთა ნაკრებისთვის. ანასტასია გოტფრიდმა (+86 კგ) საქართველოს ორი მედალი მოუპოვა.
მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს, ევროპის ჩემპიონატების ორი ოქროს და ამდენივე ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლის მფლობელმა ბათუმის ფიცარნაგზე ჯილდოების კოლექცია გაზარდა.
ქალთა ნაკრების ლიდერმა ატაცში 118 კილოგრამის დაძლევით ვერცხლის მედალი დაიმსახურა, აკვრაში 144 კილოგრამით მეოთხე შედეგი ჰქონდა, თუმცა ორჭიდის შედეგად 262 კილოგრამს მოუყარა თავი და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ამავე წონით კატეგორიაში იასპარეზა მარიამ მურღვლიანმაც, თუმცა მის შემთხვევაში საქმე მედლამდე არ მისულა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში 108 კილოგრამი დაძლია, რაც მერვე ადგილისთვის იყო საკმარისი. მეათე ადგილი დაიკავა აკვრაში დაძლეული 130 კილოგრამით, ორჭიდის (238) შედეგად კი მე-9 ადგილზე დაასრულა გამოსვლა.
საქართველოს ნაკრებმა ბათუმის ევროპის ჩემპიონატი 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და მედლების ჩათვლაში მერვე ადგილზე გავიდა.
ატაცში ოქროს მედლით მედალოსანი გახდა გოდერძი ბერდელიძე (60 კგ). აკვრაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს რამინ შამილიშვილმა (60 კგ) და არჩილ მალაყმაძემ (79 კგ). ატაცში ბრინჯაოს მედალოსანი გახდა მანუჩარ გოგოხია (88 კგ), ხოლო ზურაბ მსხალაძემ (88 კგ) ოქროს ჯილდო მოიპოვა აკვრაში, ორჭიდში კი ვერცხლის მედალი ერგო.






