შეხვედრა იმერეთის რეგიონიდან საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე სპორტსმენებთან და მწვრთნელებთან

06 მაისი 2026

6 მაისს ხონის მუნიციპალიტეტში გაიმართა შეხვედრა იმერეთის რეგიონიდან საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე სპორტსმენებთან და მწვრთნელებთან. ფესტივალში მონაწილე იმერეთის რეგიონის სპორტსმენების მზადების პროცესი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ოლიმპიურ ჩემპიონს ლერი ხაბელოვს, პირველ ვიცე-პრეზიდენტს, საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს ელგუჯა ბერიშვილს და სეოკ-ის გენერალურ მდივანს ემზარ ზენაიშვილს გააცნო სეოკ-ის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა რევაზ რობაქიძემ.

სეოკ-ის ხელმძღვანელებმა მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ახალგაზრდა სპორტსმენებს და წარმატებები უსურვეს ფესტივალის ფინალურ ეტაპზე.

იმერეთის რეგიონში ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის, სპორტული ფედერაციების და სეოკ-ის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის ორგანიზებით და ადგილობრივი თვითმართველობის და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით რეგიონალური შეჯიბრებები უკვე დასრულდა, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალურ ეტაპზე რომელსაც ბათუმი 2-6 ივნისს უმასპინძლებს, იმერეთის რეგიონი სრული შემადგენლობით - სპორტის 17-ივე სახეობაში იქნება წარმოდგენილი.

საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო მულტისპორტული პროექტია, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

ფესტივალის აქტიური მხარდამჭერები არიან საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის მთავრობა, აჭარის განათლების და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია.

საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება სპორტის 17 სახეობაში, 14-17 წლის სპორტსმენებს (დაახლოებით 1200 სპორტსმენი) შორის, საქართველოს 12 რეგიონის ნაკრები გუნდების მონაწილეობით.

აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს, რეგიონებში ჯანსაღი ცხოვრების წესის, ოლიმპიზმისა და სპორტის პოპულარიზაციას, სპორტის მასობრიობის ზრდას, მომავალი ოლიმპიელების აღმოჩენას.