სეოკ-ის და საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელები შიდა ქართლის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ფესტივალში მონაწილე შიდა ქართლის სპორტსმენების მზადების პროცესს გაეცნენ
11 მაისს გორის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა შიდა ქართლის რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმართველობის, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელების შეხვედრა.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მნიშვნელობის და შიდა ქართლიდან ფესტივალში მონაწილე სპორტსმენების მზადების მიმდინარეობის შესახებ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა და ადგილობრივმა ხელისუფლების ხელმძღვანელებმა მოინახულეს სხვადასხვა სპორტული დარბაზები, გაეცნენ წინასაფესტივალო მზადების პროცესს და წარმატებებს უსურვეს ახალგაზრდა სპორტსმენებს.
ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომლის ფინალურ ეტაპს 2026 წლის 2-6 ივნისს ბათუმი უმასპინძლებს, შიდა ქართლი სპორტის 15 სახეობაში იქნება წარმოდგენილი (ბადმინტონი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, თავისუფალი ჭიდაობა, კალათბურთი 3X3, კრივი, მაგიდის ჩოგბურთი, მინი-ფეხბურთი, ტაეკვონდო, ფრენბურთი, ქართული ჭიდაობა, ქვიშის ჭიდაობა, ჩოგბურთი, ცურვა, ძიუდო (შერეული გუნდური), ხელბურთი).
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო მულტისპორტული პროექტია, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
ფესტივალის აქტიური მხარდამჭერები არიან საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის მთავრობა, აჭარის განათლების და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია.
ფესტივალის ფინალურ ეტაპს წინ უძღვოდა რეგიონალური შეჯიბრებები, რომლებიც განხორციელდა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის, სეოკ-ის რეგიონალური ორგანიზაციების და ფესტივალში მონაწილე სპორტის სახეობების ეროვნული სპორტული ფედერაციების ორგანიზებით, ადგილობრივი თვითმართველობების და სამხარეო ადმინისტრაციების მხარდაჭერით.
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება სპორტის 17 სახეობაში: ბადმინტონი (გოგონები, ვაჟები), ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, თავისუფალი ჭიდაობა (ვაჟები), კალათბურთი 3X3 (გოგონები, ვაჟები), კრივი (ვაჟები), მაგიდის ჩოგბურთი (გოგონები, ვაჟები), მინი-ფეხბურთი (ვაჟები), მძლეოსნობა (გოგონები, ვაჟები), მხატვრული ტანვარჯიში, ტაეკვონდო (გოგონები, ვაჟები), ფრენბურთი (გოგონები), ქართული ჭიდაობა, ქვიშის ჭიდაობა, ჩოგბურთი (გოგონები, ვაჟები), ცურვა (გოგონები, ვაჟები), ძიუდო (შერეული გუნდური), ხელბურთი (ვაჟები) 14 -17 წლის სპორტსმენებს (დაახლოებით 1200 სპორტსმენი) შორის, საქართველოს 12 რეგიონის (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, გურია, თბილისი, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი) ნაკრები გუნდების მონაწილეობით.
ოლიმპიურ ფესტივალზე გამოვლინდებიან სპორტის ცალკეულ სახეობებში გამარჯვებულები, ფესტივალის მთავარი პრიზი კი გადაეცემა რეგიონს, რომელიც საუკეთესო შედეგს აჩვენებს ქულათა ჯამური მაჩვენებლით.
პროექტი მიზნად ისახავს სპორტის მასობრიობის ზრდას, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას, რეგიონების აქტიურ ჩართულობას, მომავალი ოლიმპიელების აღმოჩენას, ოლიმპიური მოძრაობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.






