ნიტა ჯამაგიძე მხატვრულ ტანვარჯიშში ევროპის ჩემპიონი გახდა
ვარნაში (ბულგარეთი) მიმდინარე იუნიორთა ევროპის ჩემპიონატი ისტორიული გამოდგა ქართული მხატვრული ტანვარჯიშისთვის. ნიტა ჯამაგიძემ კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა.
საქართველოს წარმომადგენელმა ისტორიულ შედეგს გურზებით ასპარეზობისას, უმაღლესი მაჩვენებლით - 26.900 ქულით მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მომავალმა ჩემპიონმა ფინალში ასპარეზობის უფლება საკვალიფიკაციო გამოსვლაშიც პირველი ადგილითა და 26.700 ქულით მოიპოვა.
ნიტა ჯამაგიძე ახლოს იყო მედალთან ბურთით ასპარეზობაშიც, სადაც ფინალში გამოსვლის უფლება მესამე შედეგით მოიპოვა, თუმცა გადამწყვეტ ეტაპზე, სადაც მედლების ბედი წყდებოდა, მეხუთე ადგილი დაიკავა, რაც ასევე იმედისმომცემი შედეგია.






