ბრინჯაოს დებიუტი

29 ოქტომბერი 2012

ამ უქმეებზე ბრაზილიის ქალაქ შალვადორ დე ბაიაში გამართულ მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა და მსოლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონის ირაკლი ცირეკიძის სამწვრთნელო დებიუტიც შეიძლება ითქვას წარმატებით დაიწყო. მსოლფიოს ჩემპიონის ტიტულის დასაუფლებლად ჩვენს გარდა იაპონია, სამხრეთ კორეა, უზბეკეთი, მონღოლეთი, რუსეთი, ბრაზილია, უკრაინა, კუბა, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, ალჟირი, აშშ, არგენტინდა და ვენესუელა იბრძოდნენ.

ჩვენი გუნდი ბრაზილიურ ტატამზე ნაწილობრივ გადახალისებული შემადგენლობით წარსდგა. მთავარმა მწვრთნელმა სამხრეთ ამერიკაში შალვა ქარდავა (66კგ), ნუგზარ ტატალაშვილი და ზებედა რეხვიაშვილი (73კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (90კგ) და ლევან მატიაშვილი (+90კგ) იახლა. ჯგუფურ ეტაპზე ქართველების პირველი მეტოქე ბრიტანელები იქყვნენ და მოლოდინისამებრ ცირეკიძის გაწრთვნილებმა მშრალი ანგარიშით 5:0 გაიმარჯვეს, შემდეგ კი დაძაბულ ბრძოლაში იაპონელებთან 2:3 დამარცხდნენ. დამამშვიდებელში ქართველმა კიმონოისტებმა კუბელებს 3:2 მოუგეს, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის პაექრობაში საკმაოდ ძლიერი სამხრეთ კორეის ნაკრები 4:1 გაანადგურეს.

მსოფლიოს ჩემპიონი რუსეთის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში იაპონიის გუნდთან გაიმარჯვა.