ბათუმში საქართველოს პირველი ახალგარზდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა
2 ივნისს ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე", საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა. ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო ახალგაზრდულმა მულტისპორტულმა ღონისძიებამ ათასობით მაყურებელი, სპორტსმენი, მწვრთნელი, ოლიმპიური ოჯახის წევრი, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენელი გააერთიანა.
გახსნის ცერემონია საქართველოს 12 რეგიონის დელეგაციების აღლუმით დაიწყო. ახალგაზრდა სპორტსმენებმა ოლიმპიური დროშების თანხლებით საზეიმოდ შემოაბიჯეს სტადიონზე და წარმოადგინეს თავიანთი რეგიონები, რომლებიც მომდევნო დღეების განმავლობაში სპორტულ ასპარეზობებში ღირსეულად იბრძოლებენ გამარჯვებისთვის.
დიდ ეკრანზე ამონათდა უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გამოსახულება, ფონად კი გაისმა სიმღერა „საქართველო, მიყვარხარ", რამაც ცერემონიას განსაკუთრებული ემოციური განწყობა შესძინა.
ღონისძიების განმავლობაში მაყურებელმა იხილა მრავალფეროვანი კულტურული და მუსიკალური წარმოდგენები, ქორეოგრაფიული ნომრები, თანამედროვე ვიზუალური ეფექტები და ვიდეორგოლი ქართველი ოლიმპიელების წარმატებების შესახებ.
მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ელგუჯა ბერიშვილი.
ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ელგუჯა ბერიშვილმა საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა.
მაყურებელმა იხილა მასშტაბური ქორეოგრაფიული კომპოზიცია „ხორუმი", რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელმა ანსამბლებმა შეასრულეს. ოლიმპიურმა ჩემპიონებმა და პრიზიორებმა საზეიმოდ შემოიტანეს და აღმართეს ფესტივალის დროშა.
გაიმართა ტრადიციული ოლიმპიური ფიცის დადების ცერემონია. ფესტივალში მონაწილე სპორტსმენების სახელით ფიცი დადო აჭარის რეგიონის წარმომადგენელმა, ტაეკვონდოისტმა ვიოლა ცეცხლაძემ.
ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დასრულდა, რომელიც ცნობილმა მომღერალმა სოფო ხალვაშმა შეასრულა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ანსამბლებმა:
1) ,,ივერიონი" - ქორეოგრაფი ლევან სუთიაშვილი
2) ,,ლეგენდა" - ქორეოგრაფი თორნიკე გელაშვილი
3) ,,მალულა" - ქორეოგრაფი თემურ გიორგაძე
4) ,,გენი" - ქორეოგრაფი გიორგი ონიანი
5) ,,კახელო" - ქორეოგრაფი თემურ ჯანიაშვილი
6) ,,ოჰოი ნანა" - ქორეოგრაფი ალეკო ხიდაშელი
7) ,,ლაშქარი" - ქორეოგრაფი ლაშა გოგიტიძე
8) .,მწვერვალი" - ქორეოგრაფი ამირან პაიჭაძე
9) ,,მთაწმინდა" - ქორეოგრაფი გიორგი ფარსენაძე
დამდგმელი ქორეოგრაფები: გიორგი ფარსენაძე, ზურაბ სვანაძე, დამდგმელი მხატვარი - ლუკა ბესელია.
რეჟისორები - ზაზა სიხარულიძე, ზვიად მურვანიძე
ღონისძიება მიყავდა ცნობილ დიქტორს გიორგი ჭანიშვილს.
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ტარდება, ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, მიიღონ მაღალი დონის სპორტული გამოცდილება და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგან დიდი სპორტული წარმატებებისკენ.
ფესტივალი სპორტის 17 სახეობაში იმართება. მასში მონაწილეობას იღებს საქართველოს 12 რეგიონის ნაკრები გუნდი, ხოლო მონაწილეთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 1200 სპორტსმენს შეადგენს. ფესტივალში 14-17 წლის ახალგაზრდები ასპარეზობენ.
ოლიმპიურ ფესტივალზე გამარჯვებულები გამოვლინდებიან სპორტის ცალკეულ სახეობებში, ხოლო მთავარი პრიზი იმ რეგიონს გადაეცემა, რომელიც ქულათა საერთო ჩათვლაში საუკეთესო შედეგს დააფიქსირებს.
ფესტივალის აქტიური მხარდამჭერები არიან საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის მთავრობა, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო და ბათუმის მერია.
ფესტივალის გენერალური სპონსორია Coca-Cola Bottlers Georgia, ორი ფლაგმანი ბრენდით - Coca-Cola და მთის.
ბათუმი მომდევნო დღეების განმავლობაში ქვეყნის მთავარი სპორტული ცენტრი იქნება, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ნიჭიერი სპორტსმენები სპორტის მრავალ სახეობაში იასპარეზებენ და გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.






