ბათუმში დიდი ოლიმპიური დღესასწაული შედგა!
დღეს ბათუმში საზეიმოდ დაიხურა ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო, ყველაზე მასშტაბური ახალგაზრდული მულტისპორტული ღონისძიება საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი.
ფესტივალის გრანდიოზული გახსნის ცერემონოა 2 ივნისს ბათუმში გაიმართა და 5 ივნისს საზეიმოდ დაიხურა.
დახურვის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლერი ხაბელოვმა, ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ელგუჯა ბერიშვილმა, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა, საქართველოს სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ ბაქრაძემ, აჭარის განათლების და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირაკლი აბულაძემ, ბათუმის ვიცე-მერმა სოფო ხალვაშმა, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ივანე მაისურაძემ.
დახურვის ცერემონიალზე დაჯილდოვნენ მძლეოსნობაში და ფრენბურთში გამარჯვებული გუნდები.
ოლიმპიურ ფესტივალზე გამოვლინდნენ სპორტის ცალკეულ სახეობებში გამარჯვებულები, ფესტივალის მთავარი პრიზი კი გადაეცა სამ გამარჯვებულ რეგიონს:
I ადგილი - თბილისი (932)
II ადგილი - აჭარა (369)
III ადგილი -იმერეთი (288)
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალურ ეტაპს ბათუმმა 2-5 ივნისს უმასპინძლა.
შეჯიბრებები გაიმართა სპორტის 17 სახეობაში:
ბადმინტონი ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, თავისუფალი ჭიდაობა , კალათბურთი 3X3 კრივი მაგიდის ჩოგბურთი მინი-ფეხბურთი მძლეოსნობა მხატვრული ტანვარჯიში, ტაეკვონდო ფრენბურთი , ქართული ჭიდაობა, ქვიშის ჭიდაობა, ჩოგბურთი ცურვა ძიუდო ხელბურთი , 14-17 წლის სპორტსმენებს (დაახლოებით 1200 სპორტსმენი) შორის, საქართველოს 12 რეგიონის ნაკრები გუნდების მონაწილეობით (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, გურია, თბილისი, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი).
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი წარმოადგენს პირველ მულტისპორტულ, მასშტაბურ შეჯიბრებას, რომელშიც მონაწილეობას მიიღო საქართველოს ყველა რეგიონების ნაკრებმა გუნდებმა.
პროექტის მიზანი სპორტის მასობრიობის ზრდა, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა, რეგიონების აქტიურ ჩართულობა, მომავალი ოლიმპიელების აღმოჩენა, სპორტის, ოლიმპიური მოძრაობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
ფესტივალის ფინალურ ეტაპს წინ უძღვოდა მუნიციპალური და რეგიონული შეჯიბრებები, რომელიც განხორციელდა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის, ფესტივალში მონაწილე სპორტის სახეობების ეროვნული სპორტული ფედერაციების, სეოკ-ის რეგიონალური ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმართველობის და სამხარეო ადმინისტრაციების აქტიური ჩართულობით და ორგანიზებით.
საქართველოს ახალგარზდული ოლიმპიური ფესტივალი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.
ფესტივალის აქტიური მხარდამჭერები არიან საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის მთავრობა, აჭარის განათლების და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია.
ფესტივალის გენერალური სპონსორია - Coca-Cola Bottlers Georgia - ორი ფლაგმანი ბრენდით - კოკა-კოლა და წყალი ,,მთის".






