თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვთან ერთად, საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებულ - თბილისის გუნდს შეხვდა
დღეს ვარკეთილის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრში გაიმართა შეხვედრა საქართველოს ახალგარზდულ ოლიმპიურ ფესტივალში გამარჯვებულ თბილისის გუნდთან. შეხვედრის ფარგლებში, გამარჯვებული ქალაქისთვის განკუთვნილი სპეციალური თასი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს გადასცა.
სამომავლოდ, აღნიშნული თასი თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრში განთავსდება.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, გამარჯვებულ გუნდს მიღწეული გამარჯვება მიულოცეს და ახალი წარმატებები უსურვეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ.
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი წელს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭრით პირველად გაიმართა. მასშტაბურ სპორტულ პროექტში, თბილისის გუნდმა თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით მიიღო მონაწილეობა.
ფესტივალი 17 სპორტის სახეობაში გაიმართა და მასში საქართველოს 12-ივე რეგიონის 1 200-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. თბილისის გუნდმა ფესტივალის პროგრამით განსაზღვრულ სპორტის 17-ივე სახეობაში მიიღო მონაწილეობა თითქმის ყველა სპორტულ დისციპლინაში გამორჩეული შედეგი აჩვენა, საერთო გუნდურ ჩათვლაში დამაჯერებლად გაიმარჯვა და ფესტივალის მთავარი თასი მოიპოვა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიის, თბილსის საკრებულოს ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, პარლამენტის წარმომადგენლები, მწვრთნელები, ფესტივალის ორგანიზატორები და მონაწილეები.






