IOC-ის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ 2028 წლის ოლიმპიური თამაშების წინ სპორტსმენებს აშშ-ში შესვლის პრობლემა არ შეექმნებათ

14 ივნისი 2026

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი, კირსტი ქოვენთრი, იმედოვნებს, რომ 2028 წლის ლოს ანჯელესის თამაშები საორგანიზაციო პრობლემების გარეშე ჩაივლის.

11 ივნისს სტარტი აიღო საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატმა, რომელსაც აშშ-ის, კანადისა და მექსიკის სახით სამი თანამასპინძელი ჰყავს.

„საქმის კურსში ვართ, თუ რა ხდება მსოფლიო ჩემპიონატის ირგვლივ და თვალყურს ვადევნებთ პროცესებს. ვეცდები, მუნდიალის რამდენიმე მატჩს პირადად დავესწრო. მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს ლოს ანჯელესის საორგანიზაციო კომიტეტთან, ასევე აშშ-ის ოლიმპიურ და პარალიმპურ კომიტეტებთან. დარწმუნებული ვარ, რომ ორ წელიწადში იმ გამოწვევებს აღმოვფხვრით, რომელთა წინაშეც ახლა მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორები დგანან.

ყველა, ვინც ახლა უშუალოდ ადგილზე მუშაობს, ფასდაუდებელ გამოცდილებას იღებს. რა თქმა უნდა, ჩვენ კვლავაც დავაკვირდებით მოვლენებს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სპორტსმენები და მომსახურე პერსონალი ლოს ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებზე უპრობლემოდ ჩავიდნენ. ქალაქთან გაფორმებული გვაქვს ხელშეკრულება, საორგანიზაციო კომიტეტთან კი მუდმივად და ერთობლივად ვმუშაობთ. ყველა გამოხმაურებასა და რეკომენდაციას მათ ვუზიარებთ და მომავალშიც გავუზიარებთ", - ქოვენთრის ეს განცხადება მოჰყვა სომალელი მსაჯისთვის ამერიკის ხელისუფლების მიერ ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმას, ასევე უსაფრთხოების სამსახურების მიერ აშშ-ში ჩასული რამდენიმე ნაკრების წევრთა გაძლიერებულ შემოწმებას.