დემეტრაშვილმა ულან-ბატორის გრან სლემი ვერცხლის მედლით დაასრულა, სულამანიძემ - ბრინჯაოსი

22 ივნისი 2026

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ულან-ბატორის გრან სლემზე ასპარეზობა ორი მედლით დაასრულა. ჩვენი გუნდისთვის შედეგიანი 100 და +100 კილოგრამი წონითი კატეგორიები გამოდგა.

ტურნირი დასკვნით დღეს ჩემპიონობასთან ახლოს იყო მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტრაშვილი. ევროპისა და მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატების გამარჯვებული და პრიზიორი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაება და მონღოლი, იაპონელი და ნიდერლანდელი მეტოქეების დამარცხებით ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. სამწუხაროდ, გადამწყვეტ შეხვედრაში დემეტრაშვილი კორეელ მინიონ კიმთან დამარცხდა და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.

ბრინჯაოს მედლით დაასრულა გამოსვლა ილია სულამანიძემ. ოლიმპიური თამაშების ვეცხლის, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოსა და ევროპის ჩემპიონატების სამივე ხარისხის მედლის მფლობელი ასპარეზობას მეორე წრიდან შეუდგა. პირველ შეხვედრაში მან ვაზარით მოუგო ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტიტულიან ქართველ ძიუდოისტ ნიკოლოზ შერაზადიშვილს, შემდეგ დაამარცხა თურქმენი ძიუდოისტიც, მაგრამ მეოთხედფინალში იპონით დამარცხდა რუსეთის წარმომადგენელ არმან ადამიანთან და ბრძოლა რეპეშაჟში გააგრძელა.

სულამანიძემ იუკოთი მოუგო ყაზახ მარატ ბაიკამუროვს, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში კი მეტოქის - არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელ ჯაფარ კოსტოევის გამოუცხადებლობის გამო, ავტომატურად გამარჯვებულად გამოცხადდა.