სეოკ-ის პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი ბათუმში ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო სერიების III ეტაპს დაესწრო
ბათუმმა უმასპინძლა ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო სერიების III ეტაპს, რომელიც საქართველოში პირველად გაიმართა და მასში მსოფლიოს 22 ქვეყნის 100-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.
გამარჯვებულები ვაჟთა და ქალთა შორის ოთხ-ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, მთავარი მწვრთნელის ჯემალ კილაძის ხელმძღვანელობით, ოთხი მედალი მოიპოვა, მათ შორის ერთი ოქრო და სამი ბრინჯაო.
80 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონობა იზეიმა ლუკა ჩხიტუნიძემ. აღსანიშნავია, რომ ქართველმა სპორტსმენმა მიმდინარე წელს მსოფლიო სერიების სამივე ეტაპზე მოიპოვა გამარჯვება. ბრინჯაოს მედლები და მნიშვნელოვანი სარეიტინგო ქულები მოიპოვეს დავით ფარტენაძემ (70 კგ), ევსემი შველიძემ (90 კგ) და მამუკა კორძაიამ (+90 კგ).
სეოკ-ის პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლერი ხაბელოვმა, ტურნირის გახსნისა და დაჯილდოების ცერემონიებში მიიღო მონაწილეობა.
ლერი ხაბელოვი: ,,მოხარული ვარ, რომ ბათუმი მასპინძლობს ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო სერიების მესამე ეტაპს - მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირს, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება და მსოფლიოს 22 ქვეყნის 100-მდე საუკეთესო სპორტსმენებს აერთიანებს.
განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მსოფლიო სერიების ეტაპი სწორედ საქართველოში ტარდება. ეს კიდევ ერთი აღიარებაა ჩვენი ქვეყნის დიდი სპორტული პოტენციალისა და იმ წარმატებული თანამშრომლობისა, რომელიც საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციებთან წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა.
დღეს, როდესაც საქართველო მსოფლიო სერიების ეტაპს მასპინძლობს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ წარმატებაში ჩვენი ქვეყნისა და საქართველოს ეროვნულ ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. ეს ტურნირი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის თვალსაზრისით საქართველო სანდო და წარმატებული პარტნიორია.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ქვიშის ჭიდაობის განვითარებას თავიდანვე აქტიურად უჭერდა მხარს. გვჯეროდა, რომ სპორტის ეს სახეობა თავისი სანახაობრიობითა და ხელმისაწვდომობით მნიშვნელოვან საერთაშორისო წარმატებას მიაღწევდა. დღეს კი დიდი კმაყოფილებით ვხედავთ, თუ როგორ ვითარდება ქვიშის ჭიდაობა, იზრდება მისი პოპულარობა და სულ უფრო მეტ ქვეყანას აერთიანებს. განსაკუთრებით საამაყოა ჩვენი სპორტსმენების მიერ მოპოვებული მედლები საერთაშორისო სარბიელზე.
მადლობას ვუხდი ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების ქვიშის ჭიდაობის კომიტეტს, საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას, საქართველოს სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლების და სპორტის სამინისტროს და ყველა იმ ორგანიზაციას, რომელთა მხარდაჭერითაც ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება იმართება".
სეოკ-ის პრეზიდენტს, ლერი ხაბელოვს საქართველოში ქვიშის ჭიდაობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური ჯილდო გადასცა ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების ქვიშის ჭიდაობის კომიტეტის პრეზიდენტმა, პედრო სილვამ.
ღონისძიება საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, აჭარის განათლების და სპორტის სამინისტროს, აჭარის სპორტის დეპარტამენტის და ბათუმის სპორტული ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.






