IOC-მა ოლიმპიურ ქარტიაში პოლიტიკური ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფის შესახებ შესწორება შეიტანა

30 ივნისი 2026

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) ლოზანაში გამართულ 146-ე სესიაზე ცვლილებები შეიტანა ოლიმპიურ ქარტიაში.

კერძოდ, ოლიმპიური ქარტიის განახლებული მე-5 პუნქტის თანახმად, „ოლიმპიურ მოძრაობაში შემავალი სპორტული ორგანიზაციები ვალდებულნი არიან ნებისმიერ დროს შეინარჩუნონ ნეიტრალიტეტი".

რეფორმის მიზანია სპორტსმენებისა და შეჯიბრებების გარე გავლენისგან დაცვა, ასევე ოლიმპიური თამაშების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების აღკვეთა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი კირსტი ქოვენთრი მიიჩნევს, რომ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა სპორტული შედეგებით უნდა განისაზღვრებოდეს და არა პოლიტიკით:

„ჩვენი მოძრაობა ძლიერია და წარმოუდგენელ შედეგებს მიაღწია. ჩვენ ვიცით, რამდენად დიდია სურვილი, დავიცვათ ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ასპექტი - მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ჩამოსული ათლეტების შესაძლებლობა, შეიკრიბონ ერთად და მშვიდობიანად მიიღონ მონაწილეობა შეჯიბრებებში.

ეს მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც სპორტი რჩება ნეიტრალურ სივრცედ, სადაც ყველა სპორტსმენს სიხარულით ვეგებებით, ყველას მიმართ თანაბარ პატივისცემას ვიჩენთ და სადაც ადამიანებს შეუძლიათ გაერთიანდნენ პოლიტიკური უთანხმოებების მიუხედავად; სადაც მონაწილეობას სპორტული მიღწევები წყვეტს და არა პოლიტიკა".