საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში სახელოვანი მწვრთნელის, ვლადიმერ მესტვირიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

07 ივლისი 2026

დღეს საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით გაიმართა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დამსახურებული მწვრთნელის, ვლადიმერ მესტვირიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სპორტული უწყებების და საზოგადოების წარმომადგენლები, ვლადიმერ მესტვირიშვილის მეუღლე და ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები, რომლებმაც გაიხსენეს სახელოვანი მწვრთნელის ღირსეული განვლილი სპორტული გზა.

სეოკ-ის პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლერი ხაბელოვმა ისაუბრა თავისი მწვრთნელის, ვლადიმერ მესტვირიშვილის, განსაკუთრებულ როლზე მის წარმატებულ სპორტულ კარიერაში. მან ხაზი გაუსვა მესტვირიშვილის მაღალ პროფესიონალიზმს, გამორჩეულ ადამიანურ თვისებებსა და იმ დიდ წვლილს, რომელიც მის სპორტულ წარმატებაში შეიტანა.

ლერი ხაბელოვმა აღნიშნა ვლადიმერ მესტვირიშვილის განსაკუთრებული ღვაწლი ქართული ჭიდაობის განვითარებაში და ხაზი გაუსვა, რომ მისმა მრავალწლიანმა თავდაუზოგავმა შრომამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა არაერთი სპორტსმენის წარმატებაში.

სეოკ-ის პრეზიდენტმა ასევე დიდი სიამაყით აღნიშნა, რომ ინდოეთის მთავრობამ ღირსეულად დააფასა ვლადიმერ მესტვირიშვილის მრავალწლიანი ღვაწლი და სპორტის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია ინდოეთის პრეზიდენტის მიერ მინიჭებული მაღალი სახელმწიფო ჯილდოს შესახებ - ვლადიმერ მესტვირიშვილის მრავალწლიანი ღვაწლი განსაკუთრებულად დაფასდა ინდოეთში. ქვეყნის პრეზიდენტმა მას ინდოეთის ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური სახელმწიფო ჯილდო მიანიჭა, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ ვლადიმერ მესტვირიშვილის მეუღლეს, მარინა სარიას გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ მესტვირიშვილი პირველი ქართველი მწვრთნელია, რომლის ღვაწლიც ინდოეთის მთავრობამ ასეთი მაღალი ჯილდოთი დააფასა. ეს ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს მის საერთაშორისო ავტორიტეტს და იმ გამორჩეულ მემკვიდრეობას, რომელიც მან მსოფლიო ჭიდაობას დაუტოვა.

2025 წლის 23 ივნისს ქართულმა სპორტულმა საზოგადოებამ დიდი დანაკლისი განიცადა - გარდაიცვალა თავისუფალი სტილით ჭიდაობის გამორჩეული სპეციალისტი, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი ვლადიმერ მესტვირიშვილი.

მისი აღზრდილია ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ხუთგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონი ლერი ხაბელოვი, ასევე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მრავალი ჩემპიონი და პრიზიორი.
მისი მრავალწლიანი სამწვრთნელო საქმიანობა არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას უკავშირდება. სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ჭაბუკთა, ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებს. 1981 წელს იყო საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა ნაკრების უფროსი მწვრთნელი, ხოლო 1979-1991 წლებში-საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელი.

მოგვიანებით ვლადიმერ მესტვირიშვილმა წარმატებით განაგრძო საქმიანობა საერთაშორისო ასპარეზზე. 1994 წელს დაინიშნა მაკედონიის ნაკრებისა და კლუბ ,,ბუჩიმ იაკას" უფროს მწვრთნელად, აღნიშნული კლუბი გახდა კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი. მაკედონიაში, სახლზე, სადაც ვლადიმერ მესტვირიშვილი ცხოვრობდა, გახსნილია მემორიალური დაფა, რომელიც თვალსაჩინოდ ასახავს ქართველი მწვრთნელის განსაკუთრებულ წვლილს მაკედონიის ჭიდაობის განვითარებაში. 2003 წლიდან კი გახლდათ ინდოეთის ეროვნული, ახალგაზრდული, ჭაბუკთა და ქალთა ნაკრებების უფროსი მწვრთნელი, სადაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქვეყნის ჭიდაობის განვითარებაში.

2011 წელს მსოფლიო ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის FILA-ს მიერ მინიჭებული აქვს უმაღლესი ჯილდო.

ვლადიმერ მესტვირიშვილის სახელი სამუდამოდ დარჩება ქართული სპორტის ისტორიაში, ხოლო მისი მოღვაწეობა მომავალ თაობებს პროფესიონალიზმის, შრომისა და საქმისადმი ერთგულების მაგალითად ემახსოვრებათ.