საქართველომ Real American Freestyle-ის ტურნირს უმასპინძლა
ოთარ ქორქიას და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში პროფესიული თავისუფალი ჭიდაობის, Real American Freestyle (RAF)-ის საერთაშორისო ღონისძიება გაიმართა, რომელმაც მსოფლიო დონის მოჭიდავეები და სპორტის უამრავი გულშემატკივარი გააერთიანა.
ტურნირში მსოფლიოს საუკეთესო 24 სპორტსმენი მონაწილეობდა, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები, მედალოსნები და სხვადასხვა ქვეყნის გამორჩეული მოჭიდავეები, რაც ღონისძიებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა, მათ შორის იყვნენ: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გენო პეტრიაშვილი, გივი მაჭარაშვილი, მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეჰუდო, აბდულრაშიდ სადულაევი, კაილ სნაიდერი, კაილ დეიკი, ჯეიკ ვარნერი, არმან ცარუკიანი, რაზამბეკ ჟამალოვი და სხვა გამორჩეული მოჭიდავეები.
ტურნირს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი და სეოკ-ის სხვა ხელმძღვანელობი დაესწრნენ.
ქართველ მოჭიდავეებს შორის გამარჯვებები მოიპოვეს ოლიმპიურმა ჩემპიონ-პრიზიორებმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, გივი მაჭარაშვილმა და გენო პეტრიაშვილმა, ხოლო საღამოს მთავარ შეხვედრაზე მერაბ დვალიშვილის შთამბეჭდავი ქამბექი შედგა - მან ამერიკელ ჰენრი სეჰუდოსთან პირველი რაუნდი დათმო, მაგრამ შემდეგ ინიციატივა ხელთ იგდო და 11:8 გაიმარჯვა.
ღონისძიების ფარგლებში არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა, მათ შორის საჩემპიონო ორთაბრძოლებიც.
RAF - პროფესიული თავისუფალი ჭიდაობის საერთაშორისო ლიგაა, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო მოჭიდავეებს ერთ არენაზე უყრის თავს, სპორტსმენებს პროფესიულ ასპარეზობას, საპრიზო ფონდებსა და საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შესაძლებლობას სთავაზობს.
საქართველომ კიდევ ერთხელ უმასპინძლა მაღალი დონის საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას და მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა.






