კონსტანტინე პეტრიაშვილმა ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე ოქროს მედალი მოიპოვა
სკოპიეში (ჩრდილოეთ მაკედონია) გამართულ 20-წლამდელ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა ხუთი მედალი მოიპოვეს, მათ შორის - უმაღლესი სინჯისაც.
თავდაპირველად ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეები გავიდნენ, რომლებმაც ორჯერ შეძლეს კვარცხლბეკზე ასვლა. მათ შორის ევროპის ჩემპიონობასთან ახლოს იყო არმან მკრტიჩიანი (97 კგ), მაგრამ ოქროს მედლისთვის შეხვედრაში უკრაინელ იეჰორ იაკუშენკოსთან დამარცხდა და ევროდებიუტი ვერცხლის მედლით აღნიშნა. დებიუტი შედეგიანი გამოდგა კახა გოგინაშვილისთვისაც (60 კგ), რომელმაც ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.
უკეთესი შედეგები ჰქონდა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს. კონსტანტინე პეტრიაშვილი (97 კგ), რომელიც ასპარეზობაში მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩაება, ამჯერადაც დაუმარცხებელი იყო. მომავალი ჩემპიონი ასპარეზობას საკვალიფიკაციო ეტაპიდან შეუდგა. მან დიდი უპირატესობით დაამარცხა ბელარუსი, უკრაინელი და რუსი მოწინააღმდეგეები, ფინალში კი საფრანგეთის წარმომადგენელ აშაბ დადაევსაც აშკარა უპირატესობით, 10:0 მოუგო და ზედიზედ მეორედ დაისაკუთრა ოქროს მედალი.
ევროპის ჩემპიონატი შედეგიანი იყო სანდრო ყურაშვილისთვის (92 კგ) და მძიმეწონოსან ალექსანდრე აბრამიშვილისთვის, რომლებმაც ნაკრებს ბრინჯაოს მედლები შემატეს. აღსანიშნავია, რომ აბრამიშვილმა შარშანაც მესამე ადგილი დაიკავა.






