17 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
17 წლამდე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც კალიმ (კოლუმბია) უმასპინძლა, საქართველოს ნაკრებისთვის ძალზე წარმატებული გამოდგა. ჩვენმა ძალოსნებმა მსოფლიო ფიცარნაგზე 14 მედალი (5 ოქრო, 2 ვერცხლი და 7 ბრინჯაო) მოიპოვეს. მედლების საერთო მაჩვენებლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს, ხოლო დაგროვილი ქულებით მესამე ადგილზე გავიდნენ.
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი ორჯერ გაჟღერდა. პირველად ეს დავით კილაძის (71 კგ) დამსახურებით მოხდა, რომელმაც ატაცში ბრინჯაოს მედალი აიღო, ხოლო აკვრასა და ორჭიდის ჯამში ოქროს მედლები მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ორმაგად შედეგიანი გამოდგა +94 კგ წონითი კატეგორია. ნიკოლოზ კურტანიძემ აკვრასა და ორჭიდის ჯამში შეძლო ოქროს მედლების მოპოვება, რითაც ნაკრებს მეორე ჩემპიონობა მოუტანა. ამავე წონაში კვარცხლბეკზე ავიდა ხვიჩა კიწმარიძეც - მან ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო აკვრასა და ორჭიდში ვერცხლის მედლებს დაეუფლა.
ნაკრების ყულაბას სამ-სამი ბრინჯაოს მედალი შემატეს გიორგი ქინქლაძემ (65 კგ) და თამაზ მეგრელიშვილმა (94 კგ), რომლებმაც სამივე დისციპლინაში მესამე ადგილი დაიკავეს.






