ქალაქ ონში ოლიმპიური ჩემპიონის, დავით გობეჯიშვილის სახელობის თავისუფალი ჭიდაობის 20-წლამდელთა ტრადიციული ტურნირი გაიმართა

22 ივლისი 2026

ქალაქ ონმა თავისუფალ ჭიდაობაში 20-წლამდელთა შორის ოლიმპიური ჩემპიონის დავით გობეჯიშვილის სახელობის ტრადიციულ ტურნირს უმასპინძლა. ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გამართულ შეჯიბრებაში საქართველოს ყველა რეგიონიდან 100-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონები და პრიზიორები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

ტურნირს დაესწრო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი, რომელმაც გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

ჩემპიონები და პრიზიორები ასევე დააჯილდოვეს საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა თამაზ გეგეშიძემ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა დავით გობეჯიშვილმა, ვეტერანმა მოჭიდავეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ აღნიშნული ტურნირის შედეგების საფუძველზე დაკომპლექტდება საქართველოს 20-წლამდელთა თავისუფალი ჭიდაობის ეროვნული ნაკრები, რომელიც აგვისტოში სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.