სინქრონული ციგურაობა 2030 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შევიდა
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, სინქრონული ციგურაობა საფრანგეთის ალპებში გასამართი 2030 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური პროგრამის ნაწილი გახდა. ტურნირზე თითოეული გუნდი 9 მოციგურავის შემადგენლობით იასპარეზებს (Synchro9).
ციგურაობის საერთაშორისო კავშირის (ISU) პრეზიდენტმა, ჩჟე ელ კიმმა, IOC-ის ამ ნაბიჯს ისტორიული უწოდა: „დღეს მართლაც ისტორიული დღეა სინქრონული ციგურაობისთვის. ძალიან ვამაყობთ, რომ Synchro9-მ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ISU-ს საციგურაო დისციპლინების ოჯახში დაიმკვიდრა ადგილი. ამ გადაწყვეტილებამ სინქრონული ციგურაობის ათასობით წარმომადგენლისა და მილიონობით გულშემატკივრის ოცნება აასრულა.
სპორტსმენებს ეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარი ნიჭი ზამთრის სპორტის უდიდეს სარბიელზე - 2030 წლის ალპების თამაშებზე წარმოაჩინონ.
Synchro9 აერთიანებს ყველაფერს, რაც სინქრონულ ციგურაობას ასე განსაკუთრებულს ხდის: გუნდურ მუშაობას, სიზუსტეს, კრეატიულობასა და მხატვრულ ერთიანობას.
ოლიმპიური პროგრამის გამრავალფეროვნებით, სინქრონული ციგურაობა ხელს შეუწყობს თამაშების დინამიკურობის, აქტუალურობისა და მომავალი თაობებისთვის შთაგონების შენარჩუნებას. მადლობას ვუხდით IOC-ს გამოცხადებული ნდობისთვის და მოუთმენლად ველით ამ ახალი ისტორიული ფურცლის ერთად დაწერას", - განაცხადა კიმმა.






