ნინო სამხარაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიულ შედეგს მიაღწია, ბოგდან კვანტალიანმა კი ვერცხლის მედალი დაიმსახურა

03 აგვისტო 2026

ბაქოში 17-წლამდელ მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა, სადაც საქართველოს ბერძნულ-რომაული, თავისუფალი სტილისა და გოგონათა ნაკრებებმა იასპარეზეს.

მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატი შედეგიანი მხოლოდ ორი მოჭიდავისთვის აღმოჩნდა, საიდანაც ერთი მიღწევა ისტორიულია - გოგონათა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მედალი პირველად მოიპოვა. ნინო სამხარაძე (69 კგ) გახდა საქართველოს პირველი წარმომადგენელი, რომელმაც კვარცხლბეკზე ასვლა შეძლო. ახალგაზრდა მოჭიდავემ ტურნირზე ოთხი შეხვედრა ჩაატარა, სამში გაიმარჯვა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მეორე მედალი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბოგდან კვანტალიანის ანგარიშზეა. 71 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ფინალამდე გაიკვალა გზა, მაგრამ, სამწუხაროდ, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ირანელ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა და ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა.