ელიზავეტა ბოიარშინოვამ მრგვალ სტენდზე სროლაში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა
პოლონეთის ქალაქ ვროცლავში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მორიგ წარმატებას მიაღწია.
მრგვალ სტენდზე სროლის ინდივიდუალურ ფინალში ელიზავეტა ბოიარშინოვამ 7:3 დაამარცხა ტურნირის მასპინძელი, პოლონელი ვიქტორია ვლოდარჩიკი და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ბოიარშინოვასთვის ეს ევროპული ოქროს მეორე მედალია - იგი 20-წლამდელთა შორისაც ევროპის ჩემპიონია. გარდა ამისა, საქართველოს წარმომადგენლის ანგარიშზე ორი ბრინჯაოს მედალიცაა, როგორც პირად ჩათვლაში, ისე ლევან კაპანაძესთან წყვილში.
საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული აღმოჩნდა ჩემპიონატის პირველი დღეებიც: 3 აგვისტოს, ტურნირის სადებიუტო დღეს, შერეულ წყვილთა ასპარეზობაში ბრინჯაოს მედალს მარიამ მარშავასა და გიორგი მუმლაძის დუეტი დაეუფლა.
4 აგვისტოს ქართველმა მსროლელებმა კიდევ სამი მედალი მოიპოვეს: ვაჟთა შორის, 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატიკური პისტოლეტით სროლაში, ევროპის ჩემპიონი იოანე ხვარეშია გახდა.
ოქროს მედალი დაისაკუთრა ქალთა ნაკრებმაც - ამავე დისციპლინის გუნდურ ჩათვლაში მარიამ აბრამიშვილმა, მარიამ მარშავამ და სალომე ფროდიაშვილმა იზეიმეს ჩემპიონობა. ამასთან, აბრამიშვილმა პირად პირველობაში ვერცხლის მედალიც დაიმსახურა.






