ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ნაკრებმა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ვერცხლის და ბრინჯაოს მედლით დაასრულა
ბრატისლავაში გამართულ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ნაკრებმა ასპარეზობა ორი მედლითა და გუნდური მესამე ადგილით დაასრულა.
საქართველოს ნაკრებიდან ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა უმსუბუქესი წონითი კატეგორიის წარმომადგენელს, კობა ქარუმიძეს (55 კგ). მომავალმა მედალოსანმა ფინალამდე ჩინელი, იაპონელი და აზერბაიჯანელი მეტოქეები იოლად დაამარცხა, მაგრამ ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ირანელ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
მეორე მედალი მძიმე წონაშია მოპოვებული. საბა ფურცელაძემ (130 კგ) მეოთხედფინალში დამარცხების შემდეგ რეპეშაჟში გააგრძელა წარმატებული ასპარეზობა, სადაც ჯერ ჩინელ მეტოქეს მოუგო, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ეგვიპტელ მეტოქესთან იოლად გაიმარჯვა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.






