სანდრო ყურაშვილი 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონია, კონსტანტინე პეტრიაშვილი კი - ბრინჯაოს პრიზიორი

25 აგვისტო 2026

ბრატისლავაში, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა. მათ შორის, 13-წლიანი პაუზის შემდეგ, შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში მსოფლიო ჩემპიონი გვყავს.

საქართველოს ნაკრებისთვის განსაკუთრებით შედეგიანი 92 კილოგრამი წონითი კატეგორია გამოდგა, სადაც სანდრო ყურაშვილმა ოთხიდან ოთხი შეხვედრა მოიგო და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. მომავალმა ოქროს მედალოსანმა აშშ-ის, რუსეთისა და ყაზახეთის წარმომადგენლები დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ირანელ ფალავანს სძლია და ჩემპიონობა იზეიმა. აღსანიშნავია, რომ ყურაშვილმა წლეულს ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

კიდევ ერთი, ბრინჯაოს მედალი კონსტანტინე პეტრიაშვილის ანგარიშზეა, რომელმაც მეოთხედფინალში რუს მოწინააღმდეგესთან დაძაბულ შეხვედრაში მარცხის შემდეგ გამოსვლა რეპეშაჟში გააგრძელა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა პეტრიაშვილმა ყირგიზ მეტოქეს აშკარა უპირატესობით სძლია, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი ბერძენი მოწინააღმდეგეც აშკარა უპირატესობით დაამარცხა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და შარშანდელი შედეგი გაიმეორა.