15 და 17 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 35 მედალი მოიპოვა

28 აგვისტო 2026

15 და 17 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც პრიშტინა (კოსოვო) მასპინძლობდა, ძალზე წარმატებული გამოდგა საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებისთვის. მთლიანობაში მოპოვებულია 35 მედალი. გარდა ამისა, 15-წლამდელებმა (5 ოქრო, 6 ვერცხლი, 3 ბრინჯაო) ქულებით გუნდური პირველი, ხოლო 17-წლამდელებმა (9 ოქრო, 7 ვერცხლი, 2 ბრინჯაო) - მეორე ადგილი დაიკავეს.

15-წლამდელებში ატაცის, აკვრისა და ორჭიდის ჯამში ოქროს მედლები მოიპოვა ლევან ძიმცეიშვილმა (65 კგ). ატაცში ვერცხლის, ხოლო აკვრასა და ორჭიდში ოქროს მედლები დაიმსახურა ნუგზარ მანიამ (60 კგ). სამი ვერცხლის მედალია ლუკასი თოდუას (75 კგ) ანგარიშზე; აკვრასა და ორჭიდში ვერცხლის მედლები ერგო ნიკოლოზ ქორიძეს (+85 კგ), ხოლო ირაკლი ყიფიანმა (51 კგ) 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულა ევროპის ჩემპიონატი.

17-წლამდელებში ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორი გახდა გიორგი ქინქლაძე (65 კგ), რომელმაც ატაცში, აკვრასა და ორჭიდში უმაღლესი სინჯის მედლები დაისაკუთრა. ამავე წონაში კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა ქინქლაძის თანაგუნდელი შოთა კაკაბაძე, რომელსაც სამივე შემთხვევაში ვერცხლის მედლები ერგო.

ატაცში ვერცხლის, ხოლო აკვრასა და ორჭიდში ოქროს მედლები მოიპოვა დავით კილაძემ (70 კგ). ატაცში მესამე შედეგი ჰქონდა ლადო ძიმცეიშვილს (85 კგ), აკვრასა და ორჭიდში კი - ევროპის რეკორდებითა და ოქროს მედლებით - საუკეთესო იყო.

ასევე ორი მედალოსანი გვყავს +95 კილოგრამ წონით კატეგორიაში, სადაც ნიკოლოზ კურტანიძემ ატაცში ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა, აკვრაში ევროპის რეკორდით ოქროს მედალი ერგო და ჩემპიონობა ორჭიდშიც იზეიმა. მომავალ ჩემპიონს ამავე წონაში მეტოქეობას უწევდა ხვიჩა კიწმარიძე, რომელმაც ატაცში, აკვრასა და ორჭიდში ვერცხლის მედლები დაისაკუთრა.

მედლები მოიპოვეს გოგონათა ნაკრების წარმომადგენლებმაც. მათ შორის ნინი კომლაძემ (+77 კგ) აკვრაში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ორჭიდში კი ბრინჯაო ერგო. ერთი ბრინჯაოა (აკვრაში) სალომე კუჭავას (53 კგ) ანგარიშზე.