ლოზანის გრანდ სლემის დასკვნით დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა
ლოზანის გრანდ სლემზე ჩემპიონობა იზეიმა ილია სულამანიძემ. -100 კგ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძე ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო. ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი, მსოფლიოს ბრინჯაოსა და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორმა ( 1ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) ფინალამდე ნიდერლანდელი, უზბეკი, იაპონელი და ბაჰრეინელი მეტოქეები დაამარცხა. გადამწყვეტ შეხვედრაში მან კიდევ ერთ ნიდერლანდელ ძიუდოისტს იუკოთი სძლია და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.
მძიმე წონაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა გურამ თუშიშვილი. მეოთხედფინალში მარცხის შემდეგ მან რეპეშაჟიდან მესამე ადგილის დაკავების შანსი ხელიდან არ გაუშვა. ტიტულოვანმა ქართველმა ძიუდოისტმა-ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანმა, მსოფლიო ჩემპიონატების ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლის მფლობელმა, ასევე ევროპის სამგზის ჩემპიონმა, ორგზის ფინალისტმა და სამი ბრინჯაოს მედლის მფლობელმა და ევროპული თამაშების გამარჯვებულმა- რეპეშაჟში ჯერ უკრაინელ მოწინააღმდეგეს სძლია, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელი იპონით დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ორი დღით ადრე ტურნირზე ჩემპიონობა ქალთა ნაკრების ლიდერმა, ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) იზეიმა.






