საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პოდგორიცაში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

08 სექტემბერი 2026

იუნიორთა ევროპის ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში, რომელსაც მონტენეგროს დედაქალაქი პოდგორიცა მასპინძლობდა, 12 გუნდს შორის საქართველოს ნაკრებიც იყო წარმოდგენილი.

ჩვენმა ძიუდოისტებმა (ნინო თათრიშვილი, ნინო ხარაიშვილი, ნანა გულბიანი, მარიამ ნათელაური, ნინი ძაგანია, ნონა კვარაცხელია, გიგი გიუნაშვილი, ირაკლი ქავთარაშვილი, ლუკა თევდორაძე, გიორგი ქარჩაიძე, გიორგი ბენდელიანი) პირველ წრეში მასპინძლები 4:2 დაამარცხეს. სამწუხაროდ, მეოთხედფინალში გერმანიასთან 2:4 დამარცხდნენ და გამოსვლა რეპეშაჟში გააგრძელეს, სადაც ჯერ ხორვატიას შეხვდნენ და 4:2 გაიმარჯვეს, შემდეგ კი მესამე ადგილისთვის დაძაბულ დაპირისპირებაში თურქეთს 4:3 სძლიეს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

შერეულ გუნდურ პირველობამდე პოდგორიცაში პირადი პირველობა ჩატარდა, სადაც ქართველმა ძიუდოისტებმა ასევე იასპარეზეს. ჩვენთვის შედეგიანი -60 კილოგრამამდე წონითი კატეგორია გამოდგა, სადაც ლუკა ომანაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.