სეოკ-ის სამძიმარი
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ქართული კულტურისა და სპორტის თვალსაჩინო მოღვაწე და მოამაგე პაატა ნაცვლიშვილი, რომელსაც 16 ოქტომბერს 74 წელი შეუსრულდებოდა.
ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა მრავალმხრივი ნიჭით, ფართო ერუდიციით, იშვიათი შრომისმოყვარეობით გამორჩეული პიროვნება - აღიარებული პუბლიცისტი, პოეტი, მხატვარი, რედაქტორ-გამომცემელი, პედაგოგი, მეცნიერი, მკვლევარი, ორგანიზატორი.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი და ფასეულია პაატა ნაცვლიშვილის მიერ ქართულ სპორტსა და ოლიმპიურ მოძრაობაში შეტნილი წვლილი. როგორც ჟურნალისტი, ის ჭაბუკობის წლებში დაინტერესდა ოლიმპიური თემატიკით და იქიდან მოყოლებული, ათწლეულების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ამ საქმეში, როგორც მნიშვნელოვანი პუბლიკაციების და წიგნების ავტორი, ორიგინალური იდეების განმხორციელებელი, შემდეგ კი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების ერთ-ერთი მოთავე და ორგანიზატორი, სეოკ-ის საერთაშორისო აღიარებისთვის დაუცხრომელი მებრძოლი, საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი პირველ გასვლით შეხვედრებზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სათაო ოფისში.
პაატა ნაცვლიშვილი იყო სეოკ-ის პირველარჩეული აღმასკომის წევრი და ვიცე-პრეზიდენტი, შემდგომში - სეოკ-ის სხვადასხვა კომისიების ხელმძღვანელი,კულტურული ოლიმპიადის საქართველოს ეროვნული კომიტეტის დამფუძნებელი, ჟურნალ „ოლიმპიელის" რედაქტორი, ოლიმპიზმის აქტიური პოპულარიზატორი, არაერთი გამოფენის თუ სიმპოზიუმის მომწყობი. მართლაც განსაკუთრებული და გამორჩეულია ის წვლილი, რომელიც პაატა ნაცვლიშვილმა შეიტანა ოლიმპიზმის პოპულარიზაციაში, ოლიმპიური განათლების გავრცელებაში, ქართველ ოლიმპიელთა მიღწევების წარმოჩენაში. მან საფუძვლიანად გამოიკვლია ქართული სპორტის, მისი ცალკეული სახეობების ისტორია, საინტერესო პუბლიკაციები და წიგნები მიუძღვნა ოლიმპიური თამაშების ანტიკურ პერიოდს და შემდგომ ეტაპებს, თამაშების აღორძინებას, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნებას, თანამედროვე ოლიმპიურ თამაშებს, ქართველ და უცხოელ სახელოვან ოლიმპიელებს. სეოკ-ის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მისი ავტორობით გამოიცა ხუთტომეული - „ხუთი რგოლი საქართველოსთვის." ეს არის აკადემიური, მრავალმხრივ საინტერესო კრებული, რომელიც აერთიანებს პაატა ნაცვლიშვილის საუკეთესო პუბლიკაციებს, რომლებიც წლების განმავლობაში იბეჭდებოდა ქართულ პერიოდულ გამოცემებში. თითოეულ ამ წერილში იგრძნობა ავტორის მაღალი პროფესიონალიზმი და ჟურნალისტური ოსტატობა, სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის ისტორიის ღრმა ცოდნა.
1990-იანი წლებიდან მოყოლებული, პაატა ნაცვლიშვილი ჟურნალისტის რანგში არაერთხელ დასწრებია ოლიმპიურ თამაშებს, მის მაღალპროფესიულ, ნოვაციურ რეპორტაჟებს საყოველთაო მოწონება დაუმსახურებია, ახალგაზრდა კოლეგებისთვის კი მისაბაძ მაგალითად ქცეულა.
პაატა ნაცვლიშვილი სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად იყო ჩართული ოლიმპიურ მოძრაობაში, ხშირად სტუმრობდა ოლიმპიურ კომიტეტს, ესწრებოდა ყველა მნიშვნელოვან თავყრილობას, თავადაც იყო სხვადასხვა ღონისძიების თაოსანი. მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა, როგორც მთავარ რედაქტორს, ერთი დღითაც არ შეუწყვეტია მუშაობა ჟურნალ „ოლიმპიელის" მორიგ ნომერზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოასწრო მისი დასრულება.
ქართულ სპორტს და ოლიმპიურ მოძრაობას პაატა ნაცვლიშვილის სახით გამოაკლდა დაუცხრომელი და ერთგული მსახური, იშვიათი ნიჭით და პიროვნული თვისებებით გამორჩეული ღვაწლმოსილი ადამიანი, რომელმაც ამდენი დიდი საქმე აკეთა და ვალმოხდილმა დატოვა წუთისოფელი.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.






