ისტორიაში პირველად - საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა
პარაძიუდოში, თბილისის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც 44 ქვეყნის 300-ზე მეტმა პარაათლეტმა იასპარეზა, საქართველომ ისტორიულ შედეგს მიაღწია.
მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს, გუნდურ ტურნირზე, საქართველოს ნაკრებმა (რევაზ ჩიკოიძე, გიორგი ქალდანი, ზვიად გოგოჭური, ზურაბ ზურაბიანი, ლევან გუგავა, ბაჩუკი შელია) ჩემპიონობა მოიპოვა. ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ჩვენმა ძიუდოისტებმა ნეიტრალური დროშით მოასპარეზე გუნდი 4:2 დაამარცხეს და ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმეს.
საქართველოს ნაკრებმა მედლები პირად პირველობაშიც მოიპოვა. მათ შორის, მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ: საბა ბაღდავაძე (J1, 81 კგ) და ლევან გუგავა (J2 , 81 კგ) . ოქროს მედლამდე ნაბიჯი დააკლდა რევაზ ჩიკოიძეს (J2, +95 კგ), რომელმაც თბილისის ტატამიზე ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა გიორგი გამჯაშვილი ( J1, 70 კგ).






