ოლიმპიურ ჩემპიონებს - ლერი ხაბელოვს და ნინო სალუქვაძეს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ

05 ოქტომბერი 2026

„თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე თბილისის მერიამ საპატიო თბილისელის წოდება 32 მოქალაქეს მიანიჭა.

მათ შორის არიან საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი და სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე.

თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება განსაკუთრებული აღიარებაა იმ ადამიანების ღვაწლისა და დამსახურების, რომლებმაც თავიანთი პროფესიული საქმიანობით, მიღწევებითა და თავდადებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს დედაქალაქისა და ქვეყნის განვითარებაში.

ლერი ხაბელოვისა და ნინო სალუქვაძის სახელები ქართული სპორტის ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ორივე მათგანი ყველა უმაღლესი სპორტული ტიტულის მფლობელია და წლების განმავლობაში ღირსეულად წარმოაჩენდნენ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე.

წარმატებული სპორტული კარიერის გარდა, ორივე მათგანი მრავალი წელია ღირსეულად ემსახურება ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარებას, როგორც სპორტის სფეროს ხელმძღვანელები.

საპატიო თბილისელებს თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი სიგელები და დედაქალაქის სიმბოლური გასაღებები გადასცა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს ლერი ხაბელოვს და ნინო სალუქვაძეს ამ მნიშვნელოვან აღიარებას და უსურვებს მათ ახალ წარმატებებს ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის სამსახურში.