ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა
ბაქოში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დღე საქართველოს ნაკრებისთვის შედეგიანი გამოდგა. ქალთა ნაკრების ლიდერმა, ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ), მისთვის ზედიზედ მეორე ფინალში იასპარეზა.
მსოფლიოს და ევროპის მოქმედი ჩემპიონი და ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაება. მან პირველ შეხვედრაში წმინდა გამარჯვება მოიპოვა ურუგვაელ მაია ლეოპოლდთან, რასაც ასევე იპონით მოპოვებული გამარჯვება მოჰყვა ბრაზილიელ სარა სოუზასთან. მეოთხედფინალში, ოქროს ქულამდე გაგრძელებულ შეხვედრაში, ლიპარტელიანმა ისევ წმინდა გამარჯვებით სძლია ხორვატ ანა ვიქტორია პულიზის, ხოლო ნახევარფინალში იუკოთი სძლია გერმანელ ზაია ბალჰაუსს და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ლიპარტელიანი იაპონელ აკარი ომორის დაუპირისპირდა (რომელმაც, თავის მხრივ, მეორე წრეში ნინო ლოლაძეს მოუგო). სამწუხაროდ, ოქროს ქულამდე გაგრძელებულ დაძაბულ ორთაბრძოლაში ქართველი ძიუდოისტი იპონით დამარცხდა და ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა.
დღესვე ტატამიზე გავიდა ოლიმპიური თამაშების სამივე ხარისხის მედლის მფლობელი ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ), თუმცა, სამწუხაროდ, პირველივე შეხვედრაში, ოქროს ქულამდე გაგრძელებულ ორთაბრძოლაში, გაფრთხილებების ხარჯზე წაგებულად გამოცხადდა.






