გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბაქოში სტარტი აიღო ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატმა, სადაც 93 ქვეყნის 600-ზე მეტ ძიუდოისტს შორის საქართველო 13 სპორტსმენით იასპარეზებს, მათ შორის ოთხი ქალთა ნაკრების წარმომადგენელია.
მსოფლიო ჩემპიონატის პირველი დღე ვაჟთა და ქალთა უმსუბუქეს წონით კატეგორიებს დაეთმო. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ვაჟთა ასპარეზობა იყო, სადაც გიორგი სარდალაშვილმა (-60 კგ) იასპარეზა და მედალიც მოიპოვა.
მსოფლიო ჩემპიონატის ოქროსა და ბრინჯაოს, ასევე ევროპის ჩემპიონატის ოქროსა და ვერცხლის მედლების მფლობელი გიორგი სარდალაშვილი შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაება. მან იპონით გაიმარჯვა ისრაელელ იშაკ აშფიზთან, შემდეგ პორტუგალიელი მეტოქის, ტელმო ფერნანდეშის სამჯერ გაფრთხილების (შიდოს) შედეგად გამოცხადდა გამარჯვებულად, თუმცა, სამწუხაროდ, იპონით დამარცხდა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ იაპონელ რიუჯუ ნაგაიამასთან და ასპარეზობა რეპეშაჟში გააგრძელა.
ბრინჯაოს ნახევარფინალში სარდალაშვილმა ფრანგ რომენ ვალადიე პიკარს იპონით მოუგო, მედლისთვის შეხვედრაში კი ტაივანელ იანგ იუნგ-ვეისთან წმინდა გამარჯვებით ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.






