ბათუმში საზეიმოდ გაიხსნა ფიგურულ ციგურაობაში ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირი - ,,თრიალეთის თასი"
ბათუმის სპორტული ცენტრის ყინულის სასახლეში სტარტი აიღო „თრიალეთის თასმა" - ფიგურულ ციგურაობაში ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირმა, რომელშიც მონაწილეობს 21 ქვეყნის 100-მდე მოციგურავე, ტურნირზე სრული შემადგენლობითაა წარმოდგენილი საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდი.
გაიმართა „თრიალეთის თასის" გახსნის საზეიმო ცერემონია. ღონისძიება გამორჩეული იყო შთამბეჭდავი ქართული ცეკვის ნომრებითა და საზეიმო პროგრამით. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ტურნირი გახსნილად გამოაცხადა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მარიამ გიორგობიანმა.
თრიალეთის თასის" გახსნის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.
პირველი საშეჯიბრო დღე ქალთა და ვაჟთა ერთეულებში, ასევე სპორტულ ცეკვებში მოკლე პროგრამებს დაეთმო.
ქალთა ერთეულებში იასპარეზეს ანასტასია გუბანოვამ და ინგა გურგენიძემ. გუბანოვამ მსაჯებისგან 70.69 ქულა დაიმსახურა და მესამე ადგილზე გავიდა, ხოლო გურგენიძემ 63.66-ქულიანი შეფასებით 14 მონაწილეს შორის მეხუთე ადგილი დაიკავა. ვაჟებში საუკეთესო იყო ნიკა ეგაძე, რომელმაც 93.80 ქულით 12 მონაწილეს შორის პირველი ადგილი დაიკავა. სპორტულ ცეკვებში ასევე საუკეთესო შედეგი აჩვენა დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა, რომელმაც 19 მონაწილეს შორის პირველ ადგილზე დაასრულა რიტმული ცეკვა.
,,თრიალეთის თასი" საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ორგანიზებითა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.






