ტატო გრიგალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონობა მეოთხედ მოიპოვა

07 ოქტომბერი 2026

ბაქოში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მედლების მონაგარი გაიზარდა. ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) მსოფლიო ჩემპიონატების მეექვსე მედალი მოიპოვა. 

ოლიმპიური თამაშების ვერცხლის, მსოფლიო ჩემპიონატების სამი ოქროსა და ორი ვერცხლის, ასევე ევროპის ჩემპიონატების სამი ოქროსა და სამი ვერცხლის მედლის მფლობელი ტურნირში მეორე წრიდან ჩაება. 

პირველ შეხვედრაში მან არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელ გაჯიმურად ომაროვს ვაზარით მოუგო, რასაც წმინდა გამარჯვება მოჰყვა შვეიცარიელ აურელიენ ბონფერონისთან. მეოთხედფინალური ორთაბრძოლა სლოვენიელ ნაცე ჰერკოვიჩთან ოქროს ქულამდე გაგრძელდა - მეტოქის სამი გაფრთხილების მიღების შემდეგ გამარჯვებულად გრიგალაშვილი გამოცხადდა. სერბ მიჰაილო სიმინთან ნახევარფინალიც ასეთივე სცენარით განვითარდა: დამატებით დროში სერბმა მესამე გაფრთხილება მიიღო, ქართველმა ძიუდოისტმა კი - ფინალის საგზური. 

ოქროს მედლისთვის შეხვედრაში გრიგალაშვილს მეტოქედ აზერბაიჯანის წარმომადგენელი ზელიმ ცკაევი ჰყავდა. დაძაბული ორთაბრძოლა, რომელიც ათ წუთამდე გაგრძელდა, ტატო გრიგალაშვილმა ვაზარით მოიგო და მეოთხედ იზეიმა მსოფლიო ჩემპიონობა.