ილია სულამანიძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

09 ოქტომბერი 2026

ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელსაც აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო მასპინძლობს, ილია სულამანიძის (-100 კგ) ასპარეზობით საქართველოს ნაკრებმა მეოთხე მედალი მოიპოვა.

ოლიმპიური თამაშების ვერცხლის, მსოფლიო ჩემპიონატების ბრინჯაოს, ასევე ევროპის ჩემპიონატების ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლის მფლობელმა ქართველმა ძიუდოისტმა ბაქოს ტატამიზე ფინალამდე გაიკვალა გზა. პირველ წრეში დასვენების შემდეგ, მან ვაზარით დაამარცხა უნგრელი ჟომბორ ვეგი, ხოლო შემდეგ მოლდოველ ვადიმ გიმბოვსკის სძლია. მეოთხედფინალში წმინდა გამარჯვება მოიპოვა რუს ნიაზ ბილალოვთან, ნახევარფინალში კი ასევე იპონით, 46 წამში აჯობა იტალიელ ჯენარო პირელის და ოქროს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში სულამანიძე 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტს, იაპონელ დოტა არაის დაუპირისპირდა და აქაც წარმატებას მიაღწია - მსოფლიო ჩემპიონის ტიტული იუკოთი მოიპოვა.

ორი დღით ადრე მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა ტატო გრიგალაშვილმა. მანამდე ტურნირი ვერცხლის მედლით დაასრულა ეთერ ლიპარტელიანმა, გიორგი სარდალაშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.