საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

11 ოქტომბერი 2026

ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი დღე შერეულ გუნდურ ასპარეზობას დაეთმო. საქართველოს ნაკრები ტურნირში მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩაება და ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ჩვენი გუნდი (ეთერ ლიპარტელიანი, ნინო გულბანი, სოფიო სომხიშვილი, გიორგი ლოლაძე, ლუკა მაისურაძე, ლაშა ბექაური, ირაკლი დემეტრაშვილი) შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო. ქართველებმა იტალია 4:1 დაამარცხეს, თუმცა, სამწუხაროდ, მეოთხედფინალში დაძაბულ ბრძოლაში 3:4 დამარცხდნენ უზბეკეთთან და გამოსვლა ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელეს.

რეპეშაჟის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები საფრანგეთს შეხვდა და დაძაბულ ორთაბრძოლაში 4:3 დაამარცხა.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩინეთის ნაკრები იყო. ქართველმა ძიუდოისტებმა 4:1 გაიმარჯვეს და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

საქართველოს ნაკრებმა პირადი პირველობა ოთხი მედლით დაასრულა. მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ: ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) და ილია სულამანიძე (-100 კგ), ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ), ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გიორგი სარდალაშვილმა (-60 კგ).