კობა ქარუმიძემ 23-წლამდელებში მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა

16 ოქტომბერი 2026

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელსაც ლას ვეგასი მასპინძლობდა, საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო იყო კობა ქარუმიძე (55 კგ). უმსუბუქესი წონითი კატეგორიის წარმომადგენელი შეჯიბრებაში მერვედფინალიდან ჩაება. პირველ შეხვედრაში აშკარა უპირატესობით - 10:0 დაამარცხა ალბანელი ანდი მუცა, შემდეგ 6:1 - ყაზახი არსენ ჟუმა. ნახევარფინალში 8:6 გაიმარჯვა ყირგიზ ბარსბეკ ასანკოჟოევთან, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი ინდოელი ვიშვანჯით რამჩანდრა ბოლო წამზე მოპოვებული ქულით დაამარცხა (13:12) და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

ჩვენს გუნდს ბრინჯაოს მედლები მოუპოვეს ანრი ფუტკარაძემ (77 კგ) და თორნიკე მიქელაძემ (82 კგ).