23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა სამი მედალი მოიპოვეს
ლას ვეგასის 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის სამი მედლით დასრულდა.
ჩვენი გუნდისთვის ყველაზე შედეგიანი 17 და 20-წლამდელებში ევროპის ჩემპიონატების ბრინჯაოს მედლების მფლობელის, ალექსანდრე აბრამიშვილის (125 კგ) ასპარეზობა გამოდგა. ქართველი მძიმეწონოსანი ჩემპიონატში მერვედფინალიდან ჩაება. აშკარა უპირატესობით დაამარცხა კანადის, აშშ-ის და უნგრეთის წარმომადგენლები, მაგრამ, სამწუხაროდ, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში დამარცხდა ირანელ აბოლფაზლ მოჰამად-ნეჟადთან და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.
ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს სანდრო ყურაშვილმა (92 კგ) და კონსტანტინე პეტრიაშილმა (97 კგ).
ასაკობრივ ჩემპიონატებში ოქროსა და ბრინჯაოს მედლების მფლობელმა სანდრო ყურაშვილმა, პირველ შეხვედრაში ინდოელ მოწინააღმდეგესთან გამარჯვების შემდეგ, მეოთხედფინალში დამარცხდა ირანელ აბოლფაზლ იასერ რაჰმანი ფირუზჯაეისთან და რეპეშაჟში გადაინაცვლა. ბრინჯაოს ნახევარფინალში ჯერ იამაიკელ მეტოქეს სძლია აშკარა უპირატესობით, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში კი თურქ ფატიჰ ალტუნბასს მოუგო (6:4).
ასაკობრივ ჩემპიონატებში არაერთი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელმა კონსტანტინე პეტრიაშვილმა ლას ვეგასის ხალიჩაზე ხუთი ორთაბრძოლა ჩაატარა. გამარჯვებები მოიპოვა იაპონელ, ფრანგ და ჩინელ მოწინააღმდეგეებთან, მაგრამ, სამწუხაროდ, ნახევარფინალში დამარცხდა აშშ-ის წარმომადგენელ ჯასტინ ლი რეიდმაჩერთან და მესამე ადგილისთვის ბრძოლა განაგრძო. პეტრიაშილმა ბრინჯაოს მედლის შანსი წარმატებით გამოიყენა - დიდი უპირატესობით (10:0) აჯობა ბელარუს ვლადისლაუ კაზლოუს და შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში მსოფლიო ჩემპიონატების პირველი მედალი მოიპოვა.






