საქართველოს 20 და 23 წლამდელ ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 38 მედალი მოიპოვა

20 ოქტომბერი 2026

ალბანეთის ქალაქ დურესში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 20 და 23-წლამდე ძალოსანთა ნაკრებებმა შთამბეჭდავ შედეგს მიაღწიეს. ორ ასაკობრივ ჯგუფში ქართველმა სპორტსმენებმა ჯამში 38 მედალი დაისაკუთრეს - 11 ოქრო, 17 ვერცხლი და 10 ბრინჯაო. ამასთან, 20-წლამდელთა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში I ადგილი დაიკავა, ხოლო 23-წლამდელები II ადგილზე გავიდნენ.

20-წლამდელთა შორის განსაკუთრებით გამოირჩა გოგა ჯაჯვანი (95 კგ), რომელმაც ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში სამივე ოქროს მედალი მოიპოვა. ამავე ასაკობრივ ჯგუფში, გივი დარსაველიძემ (+110 კგ) 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ირაკლი ვეკუა 3 ბრინჯაოს დაეუფლა. 70 კგ წონით კატეგორიაში რევაზ მილდიანმა ატაცსა და ორჭიდში ვერცხლის, აკვრაში კი ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. ლუკა სილაგაძემ (95 კგ) ორჭიდის ჯამში ვერცხლის, ატაცში კი ბრინჯაოს მედალი აიღო. წარმატებული გამოდგა 20-წლამდე გოგონათა ნაკრების ასპარეზობაც: მარიამ მურღვლიანი (86 კგ) ატაცში ოქროს, ხოლოს აკვრასა და ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედლებს დაეუფლა, ნანა ხორავამ (77 კგ) კი ნაკრებს 3 ვერცხლის მედალი მოუტანა.

არანაკლებ შედეგიანი აღმოჩნდა ტურნირი 23-წლამდელთა ნაკრებისთვისაც. ზურაბ მსხალაძემ (85 კგ) ატაცში, აკვრასა და ორჭიდში სამი ოქროს მედალი მოიპოვა და, ამასთანავე, ტურნირის საუკეთესო ძალოსნად დასახელდა. გიგა ოდიკაძემ (60 კგ) ატაცში ოქროს, ხოლო აკვრასა და ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედლები დაიმსახურა. გურამ ვეკუას (+110 კგ) ანგარიშზე 3 ბრინჯაოს მედალია. გუნდურ წარმატებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს გერვასი თაბაგარმა (95 კგ - ვერცხლი აკვრაში), მანუჩარ ყიფშიძემ (70 კგ - ბრინჯაო ატაცში) და საბა ასანიძემაც (95 კგ - ბრინჯაო აკვრაში). 23-წლამდე გოგონათა შორის ბრწყინვალედ იასპარეზა ნათია გადელიამ (86 კგ), რომელმაც სამივე დისციპლინაში ოქროს მედლები დაისაკუთრა, ხოლო მარიამ მაისურაძემ (49 კგ) ტურნირი 3 ვერცხლის მედლით დაასრულა.