ანჟეს გრან-პრიზე საქართველოს წარმომადგენლებმა სამი მედალი მოიპოვეს
საფრანგეთის ქალაქ ანჟეში დასრულებული გრან-პრი ქართველი მოციგურავეებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ტურნირზე საქართველო, ვაჟთა ერთეულების გარდა, ყველა დისციპლინაში იყო წარმოდგენილი და სამი მედლის მოპოვება შეძლო.
საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო შედეგი ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა აჩვენა. ოლიმპიური თამაშების და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლისა და ევროპის ჩემპიონატების სამივე ხარისხის მედლის მფლობელმა წყვილმა, მოკლე და თავისუფალ პროგრამებში დაკავებული პირველი ადგილების შემდეგ, ჯამში დაგროვილი 204.65 ქულით ჩემპიონობა იზეიმა.
ვერცხლის მედალს დაეუფლა სპორტულ ცეკვებში დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი. მათ მოკლე და თავისუფალ პროგრამებში მეორე ადგილები დაიკავეს და 193.93 ქულით გრან-პრის ვერცხლის მედალოსნები გახდნენ.
ქალთა ერთეულებში ვერცხლის მედალი ერგო ანასტასია გუბანოვას. ევროპის ჩემპიონატის ოქროსა და ორი ვერცხლის მედლის მფლობელ გუბანოვას მოკლე პროგრამაში მეორე შედეგი ჰქონდა, ხოლო თავისუფალში - მესამე. ორივე პროგრამის ჯამში დაგროვილი 202.82 ქულით იგი კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.






