ირაკლი დემეტრაშვილმა აბუ დაბის გრან სლემი მოიგო

31 ოქტომბერი 2026

აბუ დაბის გრან სლემზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 4-კაციანი შემადგენლობით წარდგა, საიდანაც სამმა სპორტსმენმა მედლის მოპოვება შეძლო.

საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე შედეგიანი ირაკლი დემეტრაშვილის (+100 კგ) ასპარეზობა აღმოჩნდა. ქართველი მძიმეწონოსანი შეჯიბრებაში მერვედფინალიდან ჩაერთო. მან წმინდა გამარჯვებები მოიპოვა ბრაზილიელ, ფრანგ და კვიპროსელ მეტოქეებთან, ფინალში კი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს დაუპირისპირდა, ორი ვაზარით აჯობა და ჩემპიონობა იზეიმა.

ამავე წონით კატეგორიაში მედალს საბა ინანეიშვილიც დაეუფლა, რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ფინელ მარტი პუმალიაინენს მოუგო (მეტოქის სამი გაფრთხილების შედეგად).

წარმატებით იასპარეზა დიმიტრი გოჩილაიძემაც (-81 კგ), რომელმაც ბრინჯაოს მედლისთვის ორთაბრძოლაში რუსეთის წარმომადგენელ აბდულ-კერიმ ტასუევს იპონით სძლია.