IV ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები - ,,დაკარი 2026" საზეიმოდ გაიხსნა

31 ოქტომბერი 2026

სენეგალის დედაქალაქ დაკარში აბდულაი ვადეს სახელობის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა ზაფხულის IV ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონია.

გახსნის ცერემონია მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი სანახაობრივი პროგრამით წარიმართა. მაყურებლის წინაშე წარმოდგენილი იყო სენეგალის კულტურა და ტრადიციები, მუსიკალური, ქორეოგრაფიული და თეატრალური ნომრები, რომლებმაც ღონისძიებას განსაკუთრებული განწყობა შესძინა.

ტრადიციისამებრ შედგა დელეგაციათა აღლუმი. საზეიმოდ დაიდო ოლიმპიური ფიცი, ჰიმნის თანხლებით აღიმართა  ოლიმპიური  დროშა და დაინთო ოლიმპიური ცეცხლი.

გახსნის საზეიმო ცერემონიაზე საქართველოს მედროშეები იყვნენ მოცურავე ანასტასია მიქელაშვილი და ძიუდოისტი ვაჟა გენგაშვილი.

სტადიონზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა  მამადუ დიაგნა ნდიაიემ და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა კირსტი ქოვენთრიმ.

თამაშები ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა სენეგალის პრეზიდენტმა. 

გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს  სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე და სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი. 

სენეგალის დედაქალაქი დაკარი ზაფხულის IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს 31 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლებს. თამაშებში მონაწილეობას მიიღებს 205 ქვეყნის  2655 სპორტსმენი, შეჯიბრებები გაიმართება სპორტის 25 სახეობაში.

საქართველოდან სპორტის 9 სახეობაში:  მძლეოსნობა, ფარიკაობა, კრივი, უშუ, ტაეკვონდო, მშვილდოსნობა, ძიუდო, ცურვა და ქვიშის ჭიდაობა იასპარეზებს 13 სპორტსმენი. 

სენეგალში საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი ხელმძღვანელობს, ოლიმპიურ სოფელში კი მისიის ხელმძღვანელია სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია.