23-წლამდე ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 6 მედალი მოიპოვა
ნაპოლიში გამართულ 23-წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე 36 ქვეყნის 280-მდე სპორტსმენმა იასპარეზა. მათ შორის იყო საქართველოს გოგონათა და ვაჟთა ნაკრებების 15 წარმომადგენელი, რომლებმაც ინდივიდუალურ პირველობაში სამივე ხარისხის 5 მედალი მოიპოვეს, კიდევ ერთი ჯილდო კი შერეულ გუნდურ ტურნირზე.
ჩემპიონატი დაუმარცხებლად ჩაატარა ლუკა ჯავახიშვილმა (-90 კგ), რომელიც ასპარეზობაში მერვედფინალიდან ჩაერთო. მომავალმა ჩემპიონმა პირველ შეხვედრაში ისრაელელი მეტოქე სამი გაფრთხილების ხარჯზე დაამარცხა, რის შემდეგაც წმინდა გამარჯვებები მოიპოვა ჩეხ და იტალიელ მოწინააღმდეგეებთან. ოქროს მედლისთვის გამართულ ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა თანაგუნდელ ნიკოლოზ დავლაძესთან იასპარეზა. თავის მხრივ, დავლაძემ ფინალამდე ბელგიის, უნგრეთისა და ავსტრიის წარმომადგენლებს სძლია, თუმცა გადამწყვეტ ორთაბრძოლაში, რომელიც „ოქროს ქულამდე" გაგრძელდა, სამი გაფრთხილება მიიღო და ოქროს მედალი ჯავახიშვილს ხვდა წილად, დავლაძე კი ვერცხლის მედალოსანი გახდა.
საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედლებიც მოიპოვა. მესამე ადგილები ლუკა გადელიამ (-60 კგ) და მათე ბერუაშვილმა (-73 კგ) დაიკავეს. გოგონათა ნაკრებიდან კი ბრინჯაოს მედალს ნინო ლოლაძე (-57 კგ) დაეუფლა.
ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს მედლები შერეულ გუნდურ პირველობაშიც გათამაშდა. საქართველოს ნაკრებმა (ნინო გულბანი, ლუკა ჯავახიშვილი, ბარბარე გელაშვილი, საბა ქარდავა, ნინო ლოლაძე, თორნიკე მოსიაშვილი, მათე ბერუაშვილი) მეოთხედფინალში გერმანია 4:3 დაამარცხა, ნახევარფინალში იტალიას 4:2 სძლია, ფინალში კი, დაძაბულ დაპირისპირებაში 3:4 დამარცხდა და ტურნირი ვერცხლის მედლით დაასრულა.






