ვლადიმერ გამყრელიძემ და მირიან მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

01 ნოემბერი 2026

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ასტანაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი ორი მედლით დაასრულა.

ჩვენი გუნდისთვის შედეგიანი 86 და 92 კილოგრამი წონითი კატეგორიები აღმოჩნდა.

86 კგ წონით კატეგორიაში ვლადიმერ გამყრელიძემ რუმინეთის, გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლები დაამარცხა, თუმცა ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე არსენ ჯიოევთან დამარცხდა და ბრძოლა მესამე ადგილისთვის გააგრძელა. მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლისა და ევროპის ჩემპიონატების სამი ბრინჯაოს მედლის მფლობელმა ქართველმა ფალავანმა გადამწყვეტ შეხვედრაში ბერძენ გეორგიოს კუგიუმციდის 6:0 მოუგო და საპრიზო სამეულში შევიდა.

ასევე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა მირიან მაისურაძეც (92 კგ). მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოს, ასევე ევროპის ჩემპიონატების ხუთგზის ბრინჯაოს პრიზიორი ასპარეზობაში მერვედფინალიდან ჩაერთო. მან ბაჰრეინელ და ყაზახ მოწინააღმდეგეებს აჯობა, თუმცა ნახევარფინალში, სამწუხაროდ, რუსეთის წარმომადგენელ ამანულა გაჯიმაგომედოვთან დათმო შეხვედრა. გამოცდილმა ქართველმა ფალავანმა ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში შვეიცარიელი სამუელ შერერი 6:3 დაამარცხა და საკუთარ კოლექციას მსოფლიო პირველობის კიდევ ერთი მედალი შემატა.