შეხვედრა ოლიმპიურ სოფელში

01 ნოემბერი 2026

სენეგალის დედაქალაქი დაკარი ზაფხულის რიგით IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს. ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 9 სახეობაში იასპარეზებს 13 სპორტსმენი.

პირველ ნოემბერს საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდიდან ასპარეზობა უშუისტმა გვანცა ქარჩავამ დაიწყო, რომელმაც პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 12 მონაწილეს შორის მესამე ადგილი დაიკავა. საკვალიფიკაციო ეტაპი ორი ნაწილისგან შედგება, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი დღეს გაიმართება, ორივე გამოსვლის ქულები შეჯამდება და რვა საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვედრის შემთხვევაში ქართველი უშუისტი ხვალ, 3 ნოემბერს, ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს.

პირველ ნოემბერს ოლიმპიურ სოფელში საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრებს შეხვდნენ დელეგაციის ხელმძღვანელი, სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე. შეხვედრაზე მათ ქართველ სპორტსმენებს წარმატებული ასპარეზობა უსურვეს.

2 ნოემბერს საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდიდან იასპარეზებენ: ძიუდოისტი ვაჟა გენგაშვილი, უშუისტი გვანცა ქარჩავა და მოცურავეები - ანასტასია მიქელაშვილი და დაჩი მესხიშვილი.