უშუისტი გვანცა ქარჩავა IV ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ფინალში იაპარეზებს

02 ნოემბერი 2026

დაკარის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე გვანცა ქარჩავამ უშუში გამოსვლა წარმატებით განაგრძო და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა ჩანცუანის კომბინირებული შეჯიბრების საკვალიფიკაციო ეტაპზე, ორი დღის ჯამში, 17.450 ქულა მოაგროვა და 12 მონაწილეს შორის მეხუთე ადგილი დაიკავა.

შეჯიბრების მეორე დღეს ქარჩავამ ჩანცუანში, უიარაღო კომპლექსის შესრულებისთვის, 8.740 ქულა მიიღო. პირველ დღეს კი გუნშუში, ჯოხით ვარჯიშში, 8.710 ქულით მესამე ადგილზე გავიდა.

ფინალში რვა საუკეთესო სპორტსმენი იასპარეზებს. ქულების ათვლა თავიდან დაიწყება და საკვალიფიკაციო ეტაპის მაჩვენებლები საბოლოო შედეგში აღარ ჩაითვლება - მედალოსნები მხოლოდ ფინალში შესრულებული ორი პროგრამის ჯამური შეფასებით გამოვლინდებიან. გადამწყვეტი გამოსვლები 3 ნოემბერს გაიმართება: გუნშუ თბილისის დროით 13:30-ზე, ჩანცუანი კი 19:00-ზე დაიწყება.
ძიუდოში საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის წევრმა ვაჟა გენგაშვილმა -81 კგ. წონით კატეგორიაში მეშვიდე ადგილი დაიკავა. მან შეჯიბრება მავრიკელ ჰეიდენ ითენ კენმასთან იპონით გამარჯვებით დაიწყო, მეოთხედფინალში კი სლოვენიელ მაქს ჩებულისთან დამარცხდა. რეპეშაჟში გენგაშვილმა სამხრეთაფრიკელ ადრიან შუტეს იპონით მოუგო, შემდეგ კვიპროსელ ვლადიმიროს ხარალამბუსთან დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

ცურვაში ანასტასია მიქელაშვილმა და დაჩი მესხიშვილმა 100 მეტრზე თავისუფალი სტილით იასპარეზეს. ანასტასია მიქელაშვილმა დისტანცია 1:00.91-ში დაფარა, საკუთარ გაცურვაში მეხუთე ადგილზე გავიდა და საერთო ჩათვლაში 64 მონაწილეს შორის 28-ე შედეგი აჩვენა.

დაჩი მესხიშვილმა 55.03 წამი დააფიქსირა, საკუთარ გაცურვაში მეოთხე ადგილი დაიკავა და ყველა გაცურვის საერთო შედეგებით 73 მონაწილეს შორის 36-ე ადგილზე გავიდა. ამ დისტანციაზე ორივე ქართველი მოცურავის გამოსვლა საკვალიფიკაციო ეტაპზე დასრულდა.