IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე მშვილდოსანმა დავით ბასილაძემ და მოცურავეებმა- ანასტასია მიქელაშვილმა და დაჩი მესხიშვილმა იასპარეზეს
დაკარში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე დავით ბასილაძემ მშვილდოსნობის სარეიტინგო რაუნდი მეექვსე ადგილზე დაასრულა. ქართველმა მშვილდოსანმა 60 მეტრიდან 72 გასროლით 680 ქულა დააგროვა. შეჯიბრებაში 32 სპორტსმენი მონაწილეობდა.
ბასილაძეს პირველი 36 ისრის შემდეგ 343 ქულა ჰქონდა, მეორე ნახევარში კი 337 დაამატა. სარეიტინგო რაუნდში პირველ ადგილს რვა ქულით ჩამორჩა.
წინასწარი დაწყვილებით, 1/16-ფინალში ბასილაძის მეტოქე კანადელი იაშვირ ბეინსია, რომელმაც 627 ქულით 27-ე ადგილი დაიკავა. ბადეში მეექვსე და 27-ე ნომრების შეხვედრა 7 ნოემბერს, საქართველოს დროით 16:34 საათზეა დაგეგმილი.
დავით ბასილაძე: "შედეგით კმაყოფილი ვარ, ჩემი პირადი რეკორდი გავაუმჯობესე - 678 მქონდა ვარჯიშზე, ახლა 680 ავიღე. მიუხედავად სიცხისა, რომელიც ხელს ობიექტურად მიშლიდა, ჩემი მაქსიმუმი მაინც გავაკეთე. ცოტა სპორტული იღბალი და ყველაფერი შესაძლებელია. ძალ-ღონეს არ დავიშურებ, რათა საქართველოს ოქროს მედალი მოვუპოვო".
დღესვე 200 მეტრზე თავისუფალი სტილით ანასტასია მიქელაშვილმა და დაჩი მესხიშვილმა იასპარეზეს. მიქელაშვილმა 2:15.96 აჩვენა, მეოთხე გაცურვაში მერვე იყო, საერთო ჩათვლაში კი 33 მოცურავეს შორის 21-ე ადგილი დაიკავა.
მესხიშვილმა მეორე გაცურვაში 2:04.05-ით მეშვიდე შედეგი აჩვენა და საერთო ჩათვლაში 36-ე იყო. ვაჟთა შორის სტარტზე 43 მოცურავე გავიდა, შედეგი კი 42-ს ჩაეთვალა. ორივე ქართველმა მოცურავემ ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპზე დაასრულა.






