დაკარი 2026 - ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ ასპარეზზე

06 ნოემბერი 2026

სენეგალის დედაქალაქი დაკარი ზაფხულის IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს, საქართველოდან სპორტის 9 სახეობაში - მძლეოსნობა, ფარიკაობა, კრივი, უშუ, ტაეკვონდო, მშვილდოსნობა, ძიუდო, ცურვა და ქვიშის ჭიდაობა მონაწილეობას იღებს 13 სპორტსმენი.

დღეს ოლიმპიურ სოფელში საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრებს დელეგაციის ხელმძღვანელი ემზარ ზენაიშვილი, სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე შეხვდნენ და სპორტსმენებს წარმატებები უსურვეს მომავალ ასპარეზობებში.

ოლიმპიურ სოფელში საქართველოს მისიის ხელმძღვანელია სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია.

დაკარი 2026 - ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები 31 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა.

საქართველოს სპორტსმენებმა ასპარეზობა უკვე დაასრულეს უშუს, ძიუდოსა და ცურვაში. დღეს შეჯიბრებაში ჩაერთო მშვილდოსანი დავით ბასილაძე, რომელმაც სარეიტინგო რაუნდში მეექვსე ადგილი დაიკავა. ხვალიდან კი ასპარეზობას მომდევნო ეტაპზე გააგრძელებს.

ხვალ შეჯიბრებაში ჩაერთვებიან ქვიშის მოჭიდავეები დავით მძევაშვილი და ლუკა მახარაძე, მოკრივე ემილ ისმაილოვი.

სენეგალის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები 13 ნოემბერს დასრულდება.