დავით მძევაშვილმა (ქვიშის ჭიდაობა, 60 კგ.) IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
დაკარის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ პირველი მედალი ქვიშის ჭიდაობაში მოიპოვა. 7 ნოემბერს, სალის სანაპიროზე, დავით მძევაშვილმა 60 კგ წონითი კატეგორიის ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში სენეგალელი ბაბაკარ მბაი 3:1 დაამარცხა.
ეს მათი მეორე შეხვედრა იყო. ჯგუფის პირველ ტურში მძევაშვილი მბაისთან 1:5 დამარცხდა, შემდეგ უკრაინელ კირილ ნაჰირნისა და ანგოლელ დავიდ დეუსს მოუგო. ქართველმა C ჯგუფი მეორე ადგილზე დაასრულა და ნახევარფინალში საუკეთესო მეორეადგილოსნის სტატუსით გავიდა.
ნახევარფინალში დავით მძევაშვილი ირანელ ამირალი დომირკოლაეისთან დამარცხდა, მბაი კი ვენესუელელ ვილფრედო როდრიგესთან. ასე შეხვდნენ ქართველი და სენეგალელი ერთმანეთს ბრინჯაოსთვის - რომელიც, საბოლოოდ, დავით მძევაშვილს ერგო. ოქროს მედალი კი როდრიგესმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში დომირკოლაეის სძლია.
ქვიშის ჭიდაობაში 80 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა ბოგდან კვანტალიანმა, რომელმაც ასპარეზობა ჯგუფურ ეტაპზე ერთი მოგებითა და ორი მარცხით დაასრულა.
დაკარის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე კრივში მეოთხედფინალის საგზური ემილ ისმაილოვმა მოიპოვა. დიამნიადიოში გამართულ მერვედფინალში ქართველი მოკრივე 55 კგ წონით კატეგორიაში დომინიკელ მაიკლ რეიესს შეხვდა.
ბრძოლა რეიესის უპირატესობით დაიწყო, თუმცა მესამე რაუნდში ინიციატივა ისმაილოვმა გადაიბარა და შეხვედრა თავის სასარგებლოდ შემოატრიალა. საბოლოოდ, ხუთიდან ოთხმა მსაჯმა გამარჯვება ქართველს მიაკუთვნა - 4:1.
მეოთხედფინალში ისმაილოვი 9 ნოემბერს ლიბანელ რამზი ჰილალს შეხვდება. ბრძოლა საქართველოს დროით 16:30-ზეა დაგეგმილი. გამარჯვების შემთხვევაში ქართველი მოკრივე მინიმუმ ბრინჯაოს მედალს დაიბევებს.
მშვილდოსანმა დავით ბასილაძემ დაკარის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე სარეიტინგო რაუნდი 32 მონაწილეს შორის მეექვსე ადგილზე დაასრულა. 7 ნოემბერს მეთექვსმეტედფინალში კანადელ იაშვეერ ბაინსს შეხვდა.პირველი სეტი კანადელმა მოიგო, მომდევნო ორი კი ბასილაძემ. მეოთხე სეტი ფრედ დასრულდა და ქართველი 5:3-ს იგებდა. სამწუხაროდ, საქმე დამატებით გასროლამდე მივიდა.დამატებით გასროლაში ბაინსის ისარი სამიზნის ცენტრთან უფრო ახლოს აღმოჩნდა და კანადელმა შეხვედრა 6:5 მოიგო.
8 ნოემბერს IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებენ ქვიშის მოჭიდავეები ლუკა მახარაძე და ნურადინ მუსტაფაევი.






