ოლიმპიური ჩემპიონის დაბრუნება გადაიდო

04 თებერვალი 2013

ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ტრიუმფალური ასპარეზობის შემდეგ ლაშა შავდათუაშვილმა საზარდულის თიაქარის ოპერაცია გაიკეთა და ტატამს გარკვეული ხნით ჩამოშორდა.

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვარჯიში ერთი თვის წინ განაახლა და ნაკრებთან ერთად შეკრებაც გაიარა რა დროსაც ისევ დაშავდა. მისი თქმით ვარჯიშისას მუხლი დაიზიანა და თავდაპირველად ექიმები ქირურგიულ ჩარევასაც არ გამორიცხავდნენ, მაგრამ საბედნიეროდ საოპერაციო მაგიდაზე დაწოლას გადაურჩა.

ლაშა შავდათუაშვილი, რომელსაც 31 იანვარს 21 წელი შეუსრულდა საერთაშორისო არენას 9-10 თებერვალს პარიზის "დიდ სლემზე" უნდა დაბრუნებოდა. ამ პრესტიჟულ ტურნირზე მას არასოდეს უჭიდავია და დებიუტისთვისაც დიდი მონდომებით ემზადებოდა. სავარაუდოდ იგი 2013 წლის სეზონს 23-24 თებერვალს გასამართ დიუსელდორფის "დიდი პრიზით" გახსნის.