სტუმრები ოლიმპიურ მუზეუმში

2-3 თებერვალს თბილისში გამართულ ძიუდოისტთა საერთაშორისო ტურნირს, გარდა მონაწილე გუნდებისა, უცხოეთიდან სხვებიც სტუმრობდნენ. კერძოდ, ისრაელიდან საქართველოს დედაქალაქს საკუთარი ინიციატივით ეწვივნენ ქალაქ თელ-ავივის ძიუდოს კლუბ "ჰაპოელის" ახალგაზრდა სპორტსმენები, რომელსაც სათავეში უდგას საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი რან იედჯერი.
მათი თბილისში ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ სპორტის სასახლეში ევროპის ღია ტურნირზე დასწრება არ ყოფილა და ქართველ ნორჩ ძიუდოისტებთან ერთად 3-დღიანი ნაყოფიერი წვრთნაც გაიარეს.
5 თებერვალს ებრაელმა სტუმრებმა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მუზეუმი დაათვალიერეს, სადაც მათ მეგზურობას სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი უწევდა.