ავერსმა და სეოკ-მა მემორანდუმი განაახლეს

07 თებერვალი 2013

7 თებერვალს საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის განახლებას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც "ავერსი" იღებს ვალდებულებას საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრებს, პერსპექტიულ სპორტსმენებს, ვეტერან ოლიმპიელებს გაუწიოს უფასო სამედიცინო დახმარება და უზრუნველყოს საჭირო მედიკამენტებით. აღნიშნულ თანამშრომლობას საფუძველი 2009 წელს ჩაეყარა და დღემდე წარმატებით ხორციელდება.

"ავერსის" კლინიკაში ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, "ავერსის" გერენარული დირექტორი დიმიტრი ჯორბენაძე და ჩვენი სახელოვანი ოლიმპიური ჩემპიონები.
"2009 წელს "ავერსსა" და სეოკ-ს შორის გაფორმებული მემორანდუმი ძალზედ წარმატებული პროექტი იყო და ამიტომ ჩვენც სიამოვნებით ვაგრძელებთ თანამშრომლობას. ეს პროგრამა ძალზედ მნიშვნელოვანია, როგორც ვეტერანი, ასევე მოქმედი სპორტსმენებისთვის და იმედია იგი 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებამდე იმოქმედებს" - აღნიშნა ლერი ხაბელოვმა.

პაატა კურტანიძის თქმით ისინი მოხარულნი არიან ოლიმპიურ კომიტეტთან თანამშრომლობის გაგრძელებით, რადგან ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის სამსახურში ყოფნა მათთვის დიდი პატივია.

შეხვედრის დასსასრულს ვეტერანმა ოლიმპიელებმა საქველმოქმედო ფონდ "ავერსს" და სეოკ-ის დიდი მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ მათთვის ამ პროგრამის ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს.